"გზავნილი ქართველებს" ასეთი სახელწოდების ვიდეომიმართვა, თავდაპირველად ISIS-ის რუსულენოვანმა ვებგვერდმა ფურადმა, ოდნავ მოგვიანებით კი ქართულმა საიტმა ხალიფატ ვორლდპესმა გაავრცელა.
ქართულ ენაზე ჩაწერილ მიმართვაში 4 პირიდან ორი ქართველ ხალხს, მათ შორის მუსლიმებს ისლამის დაცვისა და მიღებისკენ მოუწოდებს და ისლამის საწინააღმდეგო ქმედებების გამო თავის მოკვეთით ემუქრება.
კურიერმა იმ ოთხივე პირის ვინაობა დაადგინა, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ. 3 მათგანი-რობიკო პაქსაძე, ბადრი ირემაძე და მამუკა ანთაძე ოზურგეთის რაიონიდან არიან. ისინი აჭარელი ეკომიგრანტების სტატუსით გურიაში რამდენიმე წლის წინ ჩაასახლეს.
ისლამის მიმდევრების მშობლები აცხადებენ, რომ შვილებთან კონტაქტი არ აქვთ და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია როგორ მოხვდნენ ისინი ისლამურ სახელმწიფოში.
ვიდეომიმართვაში მონაწილე კიდევ ერთი პირი ხვიჩა გობაძეა, რომელიც წარმოშობით ბათუმიდან არის. მისი მამა ილია გობაძე ამბობს, რომ საქართელო ხვიჩამ 2 თვის წინ დატოვა.
მუქარის შემცველ ვიდეოს, რომელიც დღეს გავრცელდა, პანკისის უხუცესი გამოეხმაურა. ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ვიდეომიმართვა ხალხის დასაშინებლად ჩაიწერა. ვიდეოში სერიოზულ საფრთხეებს ვერ ხედავს ვერც მისი შვილი, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი