03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
უმცირესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი პარამეტრები არ მოსწონს

საპარლამენტო უმცირესობას 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის  5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმვა  არ მოსწონს  და ამ მაჩვენებლის გაზრდას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ გაკეთდა, რაც მთავრობის სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდა.  

პროექტის  თანახმად  2015 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ეკონომიკური ზრდა 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. ინფლაცია კი 4% უნდა იყოს.  საშინაო და საგარეო ვალი კი მთლიანობაში 1 მილიარდ  300 მილიონზე მეტი იქნება.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც  განვითარება სურს,  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი უფრო მაღალი უნდა იყოს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით,  ასეთი ზრდის ტემპით საქართველო საშუალო ევროპულ დონეს ნახევარი საუკუნის შემდეგ დაეწევა. მას ვალის ეს ოდენობაც შეშფოთების საბაბს აძლევს.

„როგორც გავიგე, აპირებენ ვალის აღებას, რაც ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელი იქნება. ამ მთავრობამ გასცა უამრავი დაპირება და არცერთი არ შეასრულა... ამდენი ვალი, რაც ამ მთავრობამ ბოლო 2 წელიწადში აიღო, საქართველოს მთავრობას არასდროს არ აუღია,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

უმრავლესობა უმცირესობის მოსაზრებებს არ იზიარებს და არგუმენტად ის სარეიტინგო ქულები მოჰყავთ,  რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა  საქართველოს მიანიჭეს. მათი განცხადებით, საქართველომ ბოლო პერიოდში სარეიტინგო ქულებით არა უკან, არამედ წინ გადაინაცვლა.  

საქართველოს კანონმდებლობით მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე უნდა შევიდეს და ამის შემდეგ იწყება საპარლამენტო განხილვის პროცედურა, რაც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ბიუჯეტის დამტკიცება კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.  

დღის ამბები