03 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
ოზურგეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის 6 მილიონი ლარი გამოიყო

სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში ჩავიდა, სადაც აღნიშნა, რომ სტიქიიდან ერთ საათში ყველა სამსახურის მობილიზება მოხდა და საგანგებო შტაბი ეფექტურად და ოპერატიულად მუშაობს. დღესვე პრემიერი აჭარაში სტიქიისგან გამოწვეული ვითარებითაც  დაინტერესდა და ქედაში იმყოფებოდა. ღარიბაშვილმა დაათვალიერა ის ტერიტორია, სადაც მეწყერი ჩამოწვა. გაეცნო გზის გაწმენდითი სამუშაოების პროცესს და დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა ბათუმში  საგანგებო შტაბის წევრებთანაც გამართა. პრემიერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენებს და შტაბის წევრებს დავალებები მისცა.

ღარიბაშვილმა შტაბის წევრებს 24 საათიან რეჟმში მუშაობისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ დახმარებისთვის ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ადგილობრივ მთავრობას მიმართონ.  პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მთავრობამ დამატებით 6 მილიონი ლარი გამოყო ოზურგეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის. პრემიერმა კომპენსაციების გაცემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილობრივი ბაზრის ფასების მიხედვით კომპენსაცია მიეცემა ყველა იმ ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. გურიასა და ზემო აჭარაში მოვარდნილი წყლის გამო ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დაუზიანდათ.

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, არცერთი ოჯახი არ დარჩება ყურადღების გარეშე. გასულ წელს 48 მილიონი ლარი იქნა გადახდილი კომპენსაციის სახით სახელმწიფოს მხრიდან, წელს  უკვე 34 მილიონია  და დღეს დამატებით 6 მილიონი გამოვყავით ოზურგეთისთვის. გუშინ იყო 800 გამოძახება და აქედან 600-ზე რეგირება მოახდინეს,“-განაცხადა პრემიერმა.

აჭარასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ.

დღის ამბები