პატრიარქისთვის შეწყალების უფლებამოსილების მინიჭების ინიციატივის გასაპროტესტებლად არასამთავრობოების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს შეკრებას გეგმავს. ნაწილი კი ერთობლივი ტექსტის შემუშავებას აპირებს.
მათი აზრით, ამ ინიციატივის მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიაზე უარის თქმას და პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას ნიშნავს.
„სახელმწიფომ არ უნდა დაუთომოს და ვერც დაუთმობს ამგვარ უფლებამოსილებას რელიგიურ ორგანიზაციას, ეს სეკულარიზმის პრინციპს ეწინააღმდეგება,“-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს პროექტის მენეჯერმა, გიორგი გვილავამ.
კონსტიტუციონალისტების შეფასებით, ეს არის ეკლესიის მცდელობა, მოიპოვოს უფრო მეტი ძალაუფლება. მათი განმარტებით, თუ კონსტიტუციაში ეს ცვლილებები შევა ქვეყანა მიიღებს არსებითად განსხვავებულ კონსტიტუციურ წესრიგს.
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის პარლამენტს 113 ხმა სჭირდება, თუმცა არასამთავრობოები და კონსტიტუციონალისტები იმედოვნებენ, რომ პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
რას ფიქრობს ამ ინიციატივაზე თავად პრეზიდენტი უცნობია, მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.