09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
„ვგმობთ, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას," - იენს სტოლტენბერგი

„ვგმობთ, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის შეტანას ქვეყნის ტერიტორიაზე,“ - ეს განცხადება დღეს ნატო-ს გენერელურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.  

მან განაცხადა, რომ ნატო გმობს რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის უსაფრთხოებას და უარყოფით გავლენას ახდენს ტრანსატლანტიკური სივრცის სტაბილურობაზეც.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა რეალურ ნაბიჯებს დგამს მინსკის შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად, მაგრამ ამას არ აკეთებენ სეპარატისტები და რუსეთი.

„მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს, გაიყვანოს ჯარი და გაიტანოს სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან,“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის ელჩი ნატო-ში, იგორ დოლგოვი კმაყოფილებას გამოთქვამს ნატო-ს მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით და აქვე აღნიშნავს, რომ  სიტუაცია უკრაინაში არ იცვლება.

„დღეს ამის შესახებ ბევრი რამ ითქვა. კმაყოფილი ვართ იმ განცხადებითაც, რომელიც მინისტერიალზე მიიღეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღეს ნატოს შტაბბინაში მოვისმინეთ. ესაა მხარდაჭერა, სოლიდარობა და სურვილი, უფრო გაფართოვდეს ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა,“ - განაცხადა დოლგოვმა „კურიერის“ ჟურნალისტთას საუბრისას.  

მან მადლობა გადაუხადა ყველა მოკავშირეს იმ დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინას ახლა უწევენ და მომავალშიც გაუწევენ აგრესიის საწინააღმდეგოდ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები