ახალგზარდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს სასამართლოზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იმ კოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც საქმის განხილვამდე შეიცვალა, ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე ზეწოლაზე ინფორმაცია საკუთარ მოძღვარს მიაწოდა.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კოლეგიაში, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა ახლანდელი კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძეც შედიოდა.
რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობის რამდენჯერმე შეცვლა კიდევ ერთი საკითხია, რომელიც არსებული კოლეგიის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ბოლო სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე ეკა ბესელია იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანთან იმყოფებოდა. ელისო კილაძის ინფორმაციას ეკა ბესელია არასერიოზულად აფასებს, თუმცა ადასტურებს, რომ სწორედ იმ დროს, რომელზეც გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი საუბრობს იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანთან ნამდვილად იმყოფებოდა.
ელისო კილაძე ასევე ამბობს, რომ ბოლო სასამართლო სხდომის წინ ღამის 23:30-ზე მოსამართლე ნათია გუჯაბიძე სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფებოდა.
ავტორები: ეკა გაგუა, ვაჩე გოგოლაშვილი.