გადაცემა არჩევანში მონაწილეობის გამო ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა არხის წამყვანებს, ჟურნალისტებსა და პროდიუსერს უფლებამოსილება შეუჩერა. შეტყობინება გადაცემა ბიზნეს კონტაქტის, საქმიანი დილისა და ანალიტიკის პროდიუსერს ცოტა ხნის წინ მიუვიდათ.
შეტყობინებაში ვკითხულობთ:
"ყოვლად დაუშვებელია ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედმა თანამშრომლებმა საზოგადოების მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების თოქშოუებში, სადაც შპს „მაესტროს“ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება.
ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მესამე პირების მხრიდან „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას და მისი კომერციული ინტერესების უხეშ ხელყოფას.
იბადება მართლზომიერი შეკითხვა: - რატომ ხდება ყოველივე ეს მაშინ, როდესაც ქვემოთ მოხსენიებულ თანამშრომლებს ყოველდღიურად 4 საათით, შეუზღუდავად, - პირდაპირ ეთერში მიჰყავთ გადაცემები „ბიზნეს კონტაქტი“, „ანალიტიკა“ და „საქმიანი დილა“ ?
აღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც საზოგადოების დირექტორი, ვიღებ გადაწყვეტილებას :
1. ჩატარდეს შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი
2“-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ.
2. მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია „მაესტროს“ შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.
აქვე დავამატებთ, რომ საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გაჟღერებული შეთავაზება - აღადგინოს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად - 1ლარად.
განხილვის შედეგად გადაწყდა: - საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთმოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისაგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე.
პატივისცემით,
შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორი: ზურაბ ნაყეური
02 ივნისი 2016 წ."