19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
"ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება შეთანხმებული უნდა იყოს,“ - მამა მიქაელ ბოტკოველი ჩაშლილ ფესტივალზე საუბრობს

ზაჰესის ტერიტორიაზე გუშინ ჩაშლილი ფესტივალი დღეს უკვე მარჯანიშვილის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე გრძელდება, თუმცა სასულიერო პირების მიერ გვიან ღამით ფესტივალზე ჩადენილ ქმედებებს დრეს როგორც მისი მონაწილეები ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ეხმაურებიან.

მამა მიქაელ ბოტკოველი იმ მიზეზებს განმარტავს, რის საფუძველზეც მოხდა როკ-კონცერტის ჩაშლა, რომელიც საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართებოდა.  

„არ გვინდა, საზოგადოებამ გაიგოს ისე, რომ თითქოს ჩვენ წინააღმდეგი ვართ რაიმე კულტურული ღონისძიებების, მაგრამ იქ, სადაც არის სამონასტრო კომპლექსი, სადაც შაბათს საღამოს ღვთისმსახურება სრულდება, ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური ღონისძიების  ჩატარება, როგორიც არის ასეთი მძიმე მუსიკა, ასეთი ღონისძიების ჩატარება უნდა შეთანხმებული იყოს და უნდა იცოდეს ამის შესახებ იმ რეგიონმა, სადაც ეს ტარდება,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

საერთაშორისო ფესტივალის ჩაშლას რეაქცია უკვე მოჰყვა უკრაინული ჯგუფისგან, რომელსაც ღონისძიებაში მონაწილეობა გუშინ უნდა მიეღო. ჯგუფმა საკუთარ facebook გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ინფორაცია გუშინ მომხდარის შესახებ და მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. 

შეგახსენებთ, რომ კონცერტი ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. ქართულ ჯგუფებთან ერთად ფესტივალში რამდენიმე უცხოური ჯგუფიც მონაწილეობს, მათ შორის 2 შვედური, ერთი უკრაინული, ერთი ისრაელიდან. 

დაახლოებით ერთ საათში, მას შემდეგ,  რაც ფესტივალი დაიწყო, ორგანიზატორებთან მივიდა მონაზონი და სცენიდან მიმართვის უფლება სთხოვა, რაზეც მან უარი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდნენ ტერიტორიაზე სხვა სასულიერი პირები, თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად. 

მალევე ტერიტორიაზე ჯერ ელექტროენერგია გაითიშა, შემდეგ კი პოლიციამ ფესტივალის მონაწილეებს და მსმენელებს უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია დაატოვებინა.

ავტორი: პაატა იაკობაშვილი.

დღის ამბები