რუსთავი2-ის საქმის განხილვა დასრულებულია. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად რამდენიმე დღე აიღო.
რა დრო დასჭირდება ნატა ნაზღაიძის კოლეგიას გადაწყვეტილების მისაღებად, უცნობია. სხდომის თავმჯდომარემ დღეს მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ პროცესებზე მოსმენილი მხარეთა პოზიციების და საქმეში არსებული მტკიცებულებების ხელახლა გასაანალიზებლად სათათბიროში რამდენიმე დღე მოუწევთ ყოფნა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს კი მხარეებს წინა დღეს შეატყობინებენ.
ბოლო სხდომა კი სააპელაციო სასამართლომ ისე დაასრულა, რომ რამდენიმე პროცესუალური ეტაპი გამოტოვა და არც მხარეების პაექრობას და არც შემაჯამებელ სიტყვას მოუსმინა.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები სხდომაზე არც დღეს დაუშვეს. ნატა ნაზღაიძემ დღეს სხდომაზე არც ნიკა გვარამია დააბრუნა.
სხდომაზე იურისტებს მკაცრად ეზღუდებოდათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირება და დროის უმეტესი ნაწილი მათი მიკროფონები გამორთული იყო.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე