19 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"სასამართლოს გადაწყვეტილება დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე" - ვანო მაჭავარიანი

რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას არსებულ კანონდარღვევებსა და მედია თავისუფლებაზე წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო სექტორი ცალკე ანგარიშს მოამზადებს. მესამე სექტორი დოკუმენტს ევრო სტრუქტურებშიც გაგზავნის. საქმის პოლიტიკურ ასპექტზე საუბრობენ მედია და პოლიტიკური ექსპერტებიც.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული შეფასებით არ შემოვიფარგლებით, ჩვენ შევხედავთ მთლიანად კონტექსტს და იმასაც, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს წინა საარჩევნო პერიოდში“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველის დავით ჯანდიერის თქმით, ეს კოლეგია სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

“ჩვენ ვუყურებდით პროცესს რომლის პირობებშიც რუსთავი 2-ის წარმომადგენლები იყვნენ გაძევებულნი და გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისი კომპანიის ინტერესები დაეცვა. არავითარი ილუზია არ მაქვს იმის, რომ გადაწყვეტილებას ეს კოლეგია გამოიტანს კანონის და სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე“ - აღნიშნა ჯანდიერმა.

პოლიტოლოგ ვანო მაჭავარიანის თქმით, საზოგადოება ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში.

“სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე და ძალიან კონკრეტული ადამიანების მზაობაზე. საზოგადოება ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში“ - განაცხადა  მაჭავარიანმა.

დღის ამბები