სააპელაციოში საქმის განხილვის დასრულებიდან მეორე დღეს, მოსამართლე მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განხილვის თხოვნით პლენუმს მიმართა.
მერაბ ტურავა საკუთარ შუამდგომლობას საქმის მნიშვნელობით ხსნის. ტურავა აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის სარჩელით გასაჩივრებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლი და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 9 მოსამართლემ, რადგან მისი განცხადებით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ საერთო სასამართლოებისთვის იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო.
„მაშინ არ მომითხოვია, მაგრამ ახლა სხვა სარჩელებიც რომ შემოვიდა მე ვთვლი, რომ ამ საქმეს უნდა მიეცეს კატეგორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ახალი კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა. ეს კარგია იმიტო, რომ საქმეს როდესაც იხილავს პლენუმი, მაშინ სხვა მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და საქმე არის თავისი შინაარსით, მოთხოვნით, სამართლებრივი შედეგებით, არა მარტო მოსარჩელისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,“-განაცხადა ტურავამ.
კითხვაზე უკავშირდება თუ არა მისი მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლე აცხადებს, რომ ამ მოსაზრებას სიმართლესთან კავშირი არ აქვს.
„ჯერ ეს გადაწყვეტილება არ ცხადდებოდა და არ იყო გამოცხადების თარიღი ცნობილი და გადაწყვეტილება შეიძლება მომავალ კვირაში მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ერთ კვირიანი ვადაა. აქ დიდი ვადები და დროის გაწელვა არაფერ შუაში არ არის,“-განაცხადა მერაბ ტურავამ.