19 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"საქმის გაწელვამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს "რუსთავი 2"-ს" - არასამთავრობოები ტურავას მოთხოვნაზე

არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლე მერაბ ტურავას მოთხოვნას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის თანახმად, მოსამართლე ტურავა რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართავს.

მესამე სექტორში სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტურავას ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილება, თავის დროზე სწორედ რუსთავი 2-ის  და სხვა, გახმაურებული საქმეების გამო იქნა მიღებული.

„ეს კანონი მიიღეს იმიტომ, რომ ეს გაკეთებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში. ყველა იმ საქმეზე, სადაც ხელისუფლება უფრთხის კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებას, ეს იქნება რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას თუ ე.წ. კაბელების საქმე, მიიღეს კანონი ამ მიზნით, შემდგომ ამ მიზნით გაურიგდნენ პრეზიდენტს და პრეზიდენტმა ამ ნაწილში არ დაადო კანონს ვეტო, ხოლო მოგვიანებით, უკვე აღსრულდა კანონი ის, რის გამოც ის მიიღეს. კერძოდ ამ საქმეებზე მინიმუმ რამდენიმე დღით მაინც გაიწელება სამართალწარმოება,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურობასა და მისი მიღების მიზეზებზე საუბრობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც.

„ეს საკანონმდებლო მექანიზმი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს გადაწყვეტილება გამოტანილ იქნას სათათბირო ოთახიდან და ასე ვთქვათ, ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, გაწელოს კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. საქმის გაწელვამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ის ინტერესებს, რადგან სააპელაციო სასამართლოც შესულია გადაწყვეტილების მისაღებად,“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე მერაბ  ტურავამ რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განხილვის თხოვნით პლენუმს, სააპელაციოში საქმის განხილვის დასრულებიდან მეორე დღესვე მიმართა და საკუთარი შუამდგომლობა საქმის მნიშვნელობით ახსნა.

დღის ამბები