ამ წუთებში ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს მართავს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე შორენა ყაველაშვილი არაუფლებამოსილი იყო სამოქალაქო დავების განხილვაში.
"ჩვენ საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ დავად იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით.
"ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია მთელ პროცესზე. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოვლენილი იქნა სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე ყოფილიყო კოლეგიაში,"-აცხადებს ნიკა გვარამია.
"ჩვენ ვსვამთ კითხვას რის საფუძველზე არ მონაწილეობდა ამ დავაში ნაზღაიძე-გუჯაბიძის მყარი შემადგენლობის მესამე მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, ან ბატონი გოდერძიშვილი, რის საფუძველზე ჩანაცვლდა ეს მოსამართლეები შორენა ყაველაშვილით, თან ის მოსამართლე, რომლიც არ წარმოადგენს სამოქალაქო პალატას, წარმოადგენს სისხლის სამართლის პალატას და ამავდროულად არ გააჩნია მოსამართლის კვალიფიკაციის საბუთი,"- განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადება არის სრულიად დაუსაბუთებული და არაკვალიფიციური. მისი თქმით, მოსამართლის გამოცდის ჩაბარება სპეციალიზაციაში აუცილებლია.
"ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის ეჭვი, რომ იგი მივლენილ იქნა საქმეში სისხლის სამართლის კოლეგიისთვის პირადად დავალების შემსრულებლად, ჩვენი ინფორმაციით, ის არის პირადად სააპელაციო სასმართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის ზონდერ მოსამართლე და ხელს მოაწერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.