რუსთავი2-ზე 7-თვიანი შუალედით ორი სასამართლო ინსტანციის ერთი შინაარსის გადაწყვეტილება არსებობს. განხილვის დაწყებიდან დღემდე თითქმის ყველა ის მოლოდინი გამართლდა, რომელიც საქმის შედეგთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და იურისტებს ჰქონდათ.
დავის პოლიტიკურ მოტივზე რუსთავი2-ის წარმომადგენლები ყოველთვის საუბრობდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ საქმეზე მოსამართლეებიც ხელისუფლებისადმი მათი დამოკიდებულებისა და სანდოობის მიხედვით ირჩეოდნენ.
ნიკა გვარამია რამდენიმე კვირის წინ ამტკიცებდა, რომ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე არსებობდა და მისი ერთ-ერთი ავტორი იუსტიციის მინისტრი იყო. მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას საჯარო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა - თუ მათი გადაწყვეტილება გვარამიას ინფორმაცია დაემთხვეოდა, ნათია გუჯაბიძემ მანტიის გახდის და სასამართლო სისტემიდან წასვლის მზადყოფნა გამოთქვა. ნაზღაიძის კოლეგიამ გადაწყვეტილების ჯერ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ცნობილი გახდება, მოუწევს თუ არა მოსამართლე გუჯაბიძეს მანტიის გახდა.
რუსთავი2-ის პროგნოზი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაშიც გამართლდა. ახალი კანონის დაჩქარებულად, ღამით გამართულ სხდომაზე მიღებიდან რამდენიმე საათში გიორგი გაბუნიამ შაბათის კურიერში დეტალურად ახსნა, როგორ გამოიყენებდა ხელისუფლება მას რუსთავი2-ის წინააღმდეგ. თუმცა, გაიზიარებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მერაბ ტურავას მოსაზრებას, სავარაუდოდ, მიმდევნო კვირაში გახდება ცნობილი. შუამდგომლობაზე საპასუხოდ მათ ათდღიანი ვადა აქვთ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე