სასამართლომ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა - ეს განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთა. უჩა ნანუაშვილმა, სააპელაციო სასამართლოს მიერ, რუსთავი 2-სთვის გადაწყვეტილების დაჩქარებულ ვადაში, ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ფაქტი, კიდევ ერთხელ შეაფასა.
ომბუდსმენი პროცედურულ საკითხებს კიდევ ერთხელ განმარტავს და ამბობს, რომ მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება სასამართლოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აქვს.
უჩა ნანუაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს ქმედებებში იკვეთება გარკვეული დაინტერესების ნიშნები.
“ვფიქრობ სასამართლომ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, რადგან პროცედურებით მხოლოდ ორი გამონაკლისი არსებობს, როდესაც გარკვეული ვადების დარღვევა შეიძლება მოხდეს და გაეგზავნოს უშუალოდ განჩინება. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც თავისუფლება აღკვეთილია პირი და მას არ ჰყავს წარმომადგენელი, ადვოკატი, ამ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია მსგავსი უფლებით ისარგებლოს, ისევე როგორც იმ პირებთან დაკავშირებით, ვინც გათავისუფლებულია გადასახადის გადახდისგან და ამ შემთხვევაში იკვეთება, რომ სასამართლომ იჩქარა. ის არ დაელოდა და მან რეალურად არ გაითვალისწინა ის მოთხოვნები, რომელიც კანონით არის აუცილებელი. სამწუხაროა ის, რომ აქ იკვეთება გარკვეული დაინტერესების ნიშნები,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლო სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას და გამოთქმულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახალხო დამცველმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.