ახალი ვირუსი საქართველოში-ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ინდოეთის 4 მოქალაქე ამ დრომდე ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება. ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ მათგან ერთს დენგეს ვირუსი დაუდგინდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლინიკაში მაღალი ტემპერატურით, თავის და კუნთების ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. სპეციალისტების განმარტებით, ეჭვი თავიდანვე დენგეს ვირუსზე გაჩნდა, რადგან ამ ინფექციის კერა სწორედ ინდოეთია. ოთხიდან ერთ პაციენტს დენგეს კლასიკური ცხელება დაუდგინდა.
ინდოეთის მოქალაქეები საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდნენ. ისინი წალენჯიხის რაიონში ენგურჰესზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებს ამონტაჟებენ. რამდენიმე დღით ადგილზე სამუშაოები შეწყვეტილი იყო. დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მათ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილზე პრევენციული ღონისძიებები უკვე ჩაატარეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ინდოეთის 4 მოქალაქეზე ზედამხედველობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დაახლოებით ერთ თვეში კი მათ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე პრევენციული სამედიცინო სამუშაოები განმეორებით ისევ ჩატარდება.
ავტორი: ეკო მაღრაძე, ემა გოგოხია.