19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
რამდენიმე დღე სკანდალური საქმის განაჩენამდე-მაგდა პაპიძემ პროცესზე ვრცელი ჩვენება მისცა

მაგდა პაპიძეს სავარაუდოდ შემდეგ კვირას ნაფიცი მსაჯულები განაჩენს გამოუტანენ. გასულ დღეებში კი ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო, ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდა. დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც გარდაცვლილების და ბრალდებულის ფრჩხილებში დარჩენილი მიკრონაწილაკები შეისწავლა.

ოთხშაბათს მაგდა პაპიძის სურვილით ის ბრალდების მხარემ დაკითხა. ბრალდებულმა საკუთარი ცხოვრების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მაგდა პაპიძის დაკითხვა ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტის გამო რამდენჯერმე შეფერხდა. დღის მეორე ნახევარში ბრალდებულის სურვილით და პროკურორის შუამდგომლობით სხდომა დაიხურა, ვინაიდან პროკურორი პირადი ინფორმაციის შემცველი კითხვების დასმას აპირებდა. ასევე დახურული იყო სხდომა ხუთშაბათს, მთელი დღის განმავლობაში რადგან მაგდა პაპიძე ამ დროს მკვლელობის დღის დეტალებს ჰყვებოდა.

დაცვის მხარეს სასამართლოზე მხოლოდ ორი მოწმე ჰყავდა, მაგდა პაპიძის მამიდაშვილი და მისი მეგობარი. ორშაბათს უკვე ორივე მხარის საბოლოო სიტყვას მოისმენენ, ცალკე წარმოთქვამს საბოლოო სიტყვას ბრალდებული. ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავლენ. პირველ 3 საათში გადაწყვეტილების მისაღებად, 12 მსაჯულის  თანხმობა იქნება საჭირო, დამატებით საათებში კი რვა მათგანის თანხმობაც საკმარისი იქნება. შეგახსენებთ, რომ 12 ნაფიცი მსაჯულიდან რვა მამაკაცია და 4 ქალი.

ავტორი: ლაშა კვესელაძე. 

დღის ამბები