ოფიციალური თბილისი არ ადასტურებს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი დივერსანტობისთვის აქვს წაყენებული.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გიორგი გიუნაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვისაა დაკავებული. ამავე თემაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
"გიუნაშვილი არის უკანონო პატიმარი და მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან, მისი საკითხი არ მოიხსნება არც ერთი ფორმატის დღის წესრიგიდან, რომელშიც ვმონაწილეობთ,” - განმარტავენ სუს-ში.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ წამოყენებულ ბრალდებას გიორგი გიუნაშვილის მიმართ - ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.