სულ შემოსული 244 ათას 196 ხმიდან უმრავლესობა ავთო აბესლამიძემ მიიღო. ხმების 49.85 პროცენტით ნიკა გვარამიას გუნდის წევრი იქს ფაქტორის მესამე სეზონის გამარჯვებული და ათასობით გულშემატკივარის რჩეული გახდა.
იქს ფაქტორი 2016-ის ტიტულთან ერთად ბათუმელმა კონკურსანტმა პარტნიორი კომპანიებისგან მრავალი საჩუქარი მიიღო, მათ შორის ორკაციანი საგზური ბარსელონაში ბიონსეს კონცეერტზე დასასწრებად და სუპერპრიზი სალვუს დეველოპმენტისგან ოროთახიანი ბინა ვაკეში.
მადლობა მაყურებელს გიგი ადამაშვილისგანაც ეკუთვნის. 41.49 პროცენტით სოფო ნიჟარაძის გუნდის წევრმა იქს ფაქტორი 2016-ის კონკურსში, მეორე ადგილის მიუხედავად, ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის სტატუსი და ათასობით გულშემატკივრის მხარდაჭერა მიიღო.
ბილეთები მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრებად, საგზურები, სტიპენდიები და კიდევ მრავალი სახის საჩუქარი იქს ფაქტორის თითოეულმა ფინალისტმა მრავლად მიიღო.
თუმცა, უსაჩუქროდ არც პროექტის სხვა მონაწილეები დარჩენილან. რუსთავი2-მა ტრადიცია არ დაარღვია და თავისი რჩეულები წელსაც გამოავლინა.
1 წლის განმავლობაში ყოველთვიური 1000 ლარიანი სტიპენდიით სამაუწყებლო კომპანიისგან დათუნა ლაზარიშვილი, ნინა ყიფშიძე და დათი წერეთელი დაჯილდოვდნენ.
დასკვნით კონცერტზე ფინალისტებს აკომპანირება ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა გაუწია. ფინალურ შოუზე კონკურსანტებმა სამ-სამი სიმღერა შეასრულეს და არჩევანი წინა კონცერტების წარმატებულ ნომრებზე შეაჩერეს. გადამწყვეტი ტურის რეპერტუარში მონაწილეებმა, უცხოურთან ერთად, ქართული ჰიტებიც შეიტანეს.