ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ასეულობით ოჯახი დაზარალებულია, დატბორილია სახლები და ეზოები, დაზიანებულია გზები, ხიდები და განადგურებულია მოსავალი. იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის სოფლების მცხოვრებლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
შუახევის 10-ზე მეტი ოჯახი კი სოფლიდან გასახლებას ითხოვს.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ტბეთისწყალმა კალაპოტი შეიცვალა და მოსახელობას სახლები დაუზიანა. სოფელში ამბობენ, რომ შენობები საცხოვრებლად უკვე უვარგისია. ისინი ხელისუფლებას იაფი სესხების გაცემას სთხოვენ.
მძიმე ვითარებაა იმერეთში, სადაც სტიქიამ 47 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა და მათთან კომუნიკაციის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სამაშველო სამსახურებში სტიქიის გამო 450 შეტყობინება შევიდა, 500-მდე მაშველი 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. ქვეყნის მასშტაბით კი 100 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
დასავლეთ საქართველოში დღეს პრემიერი, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცვნენ.
ავტორი: ნატა მახვილაძე