ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში მცხოვრებ თევდორაძეების ხუთსულიან ოჯახს სახლი დაენგრა. სახლი, რომელიც 2009 წლიდან საცხოვრებლად საშიში იყო, მთლიანად დაინგრა.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი სახლის საკუთარი სახსრებით აშენებას ვერ ახერხებს და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვს.
თევდორაძეებმა დიდთოვლობის შედეგად დანგრეული სახლის გამო განცხადება ლტოლვილთა სამინისტროშიც შეიტანეს და ეკომიგრანტის სტატუსი ითხოვეს. თუმცა, ოჯახმა სამინისტროსგან უარი მიიღო.
ლანჩხუთის გამგებელი დაზარალებულებს ბინის ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს, თუმცა შეთავაზებულ 150 ლარად, თევდორაძეების მრავალშვილიან ოჯახს, ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებიან.
მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბინის ქირაობა რეგიონების მსგავსად, დედაქალაქშიც უჭირთ. 6 შვილის დედა ეკატერინე გულიაშვილი გამგეობისგან 500 ლარით უზრუნველყოფის პირობის მიუხედავად, ბინის დაქირავებას ვერ ახერხებს. ის, თავის შვილებთან ერთად, აეროპორტის დასახლებაში, დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს.
ამ შენობაში სხვა უსახლკაროებიც ცხოვრობენ.
უსახლკაროებისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის, ბიუჯეტში თანხები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა პრობლემა მოუგვარებელი რჩება. 2013 წელს ბიუჯეტში 1 889 793 ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც 2016 წლისთვის 5 485 163 ლარამდეა გაზრდილი.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.