ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი - Black Sea Arena სახელმწიფოს გადასცა. პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საკონცერტო დარბაზი შავი ზღვის რეგიონის მუსიკალური ცენტრი გახდება.
Black Sea Arena 10 ათას კაცზეა გათვლილი, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შეუძლია მუსიკალური, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა. დარბაზის სიახლოვეს 7 ვარსკვლავიანი სასტუმროც შენდება.
პრემიერის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახმაურდება საკონცერტო განრიგი, რომლითაც დაიწყებს ფუნქციონირებას Black Sea Arena.
სოციალურ ქსელებშიც, პოლიტიკოსებში და საზოგადოებაში, აქტუალური გახდა კითხვა - რა დაუჯდება ამ 200 მილიონიანი დარბაზის შენახვა გადასახადის გადამხდელებს, კონკრეტული პასუხი ჯერ არ არსებობს.
ყველაზე კრიტიკუად სახელმწიფოსთვის ამ დარბაზის ჩუქების ფაქტს პრომოუტერები აფასებენ. ადამიანები, რომელთა ბიზნესიც არის კონცერტების მოწყობა. ერთ-ერთი ასეთია აჩიკო გულედანი - რომელიც თავისი გამოცდილებით ამბობს, რომ დარბაზის პატრონობას და მის ამუშავებს დიდი სახსრები ჭირდება.
ამ დარბაზის სახელმწიფოსთვის ჩუქებით ბიზნესში ფაქტობრივად შემოდის მოთამაშე განუსაზღვრელი რესურსებით, რომელსაც არ აინტერესებს მოგების მიღება. უფრო მეტიც - პრომოუტერები ამ გადაწყვეტილებაში კორუფციული გარიგებების საფრთხესაც ხედავენ.
ავტორი: პაატა იაკონაშვილი.