საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან. ბინათმესაკუთრეების ამხანაგობის წევრები პარლამენტის მიერ იმ კანონპროექტის განხილვის დაწყებას ეხმიანებიან, რომლის მიღებაც მათი თქმით, საცხოვრებლებზე კანონიერ უფლებას უკარგავს.
აქციის მონაწილეები პარლამენტისგან მოითხოვენ, რომ "საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" კანონში ცვლილებები არ შეიტანონ. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში კი, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
"კანონპროექტი, რომელიც ახორციელებს ჩვენი უფლების კონფისკაციას ანუ დაყაჩაღებას. სხვანაირად ამას არ შეიძლება მიეცეს ინტერპრეტაცია. ჩვენთვის აღარ არსებობს არც კონსტიტუცია არც სამოქალაქო სამართალი. ჩვენ იმედი გვაქს, პრეზიდენტი გამოიყენებს მის კონსტიტუციურ უფლებებს და ამ კანონპროექტს დააბრუნებს უკან,“ - განაცხადა კერძო სახლების მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ოკუჯავამ.