სასამართლო კორპუსს ორ დღეში 65 ახალი მოსამართლე შეემატება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ კენჭისყრას დააკვირდება არასამთავრობო სექტორიც, რომელმაც არაერთი დარღვევა დააფიქსირა თავად კანდიდატების შერჩევის პროცესშიც და არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამ დარღვევების გამო, არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოცხადდეს.
რჩეულ კანდიდატებს შორის, სავარაუდოდ, არაერთი სკანდალური მოსამართლე მოხვდა.
მოსამართლეობის 65 კანდიდატს შორის არიან: რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე; გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, გიორგი ჩემია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თამარ ალანია.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს კანდიდატებთან გასაუბრების დეტალებზე არ ისაუბრა. ნინო გვენეტაძეს არც ის დაუკონკრეტებია, რა კითხები დაუსვა ურთმელიძეს, ჩემიას და ალანიას.
საქართველოს პრეზიდენტი კი მოითხოვს, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესი გამკაცრდეს.
ავტორი: ნატა მახვილაძე