19 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
"მთელს მსოფლიოში არის ვითარება, რომ ხალხს ეშინია მგზავრობის,“- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი

სტამბოლში განვითარებულმა მოვლენებმა პრობლემები შეუქმნა ქართულ ტურისტულ სააგენტოებს და მგზავრებს, რომლებიც სხვადასხვა კურორტებზე დასვენებას გეგმავდნენ.

ანტალიაში მყოფი ქართველები განმარტავენ, რომ გამოცხადებული კომენდანტის საათის გამო მათ სასტუმროდან გასვლისკენ თავის შეკავება ურჩიეს და ტერიტორიაზე გამკაცრებულია დაცვაც.

ის მგზავრები კი, ვინც ამ დღეებში უნდა გაფრენილიყვნენ თურქეთის მიმართულებით გაურკვევლობაში არიან, ერთ-ერთი მათგანია გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძეც, რომელმაც ტურისტული სააგენტოსგან სპეციალური ტური შეიძინა და თურქეთში დღეს ღამე უნდა გაფრენილიყო.

„ჩალაგებული მაქვს ბარგი, ყველაფერი გადახდილი მაქვს, არც ის ვიცი ფრენა იქნება, თუქრეთის მხარე მიიღებს თუ არა ჩვენს თვითმფრინავს, სრულ გაურკვევლობაში ვართ, გაურკვევლობაა სააგენტოშიც, საიდანაც ტური ავიღეთ,“-აცხადებს კვესიტაძე.

ტურისტების ნაწილი თურქეთში გამგზავრების შემთხვევაში დაუცველობაზეც საუბრობს.

„ველოდები პასუხს, რომ დამირეკავენ და მეტყვიან - მივფრინავ, არ მივფრინავ, დაცული ვარ, არ ვარ დაცული,“-აცხადებს კიდევ ერთი ტურისტი ქეთი ლომსაძე, რომელიც თურქეთში გაფრენას გეგმავს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში იმ მიზეზებზე საუბრობენ, რამაც მოსახლეობაში შიში დათესა და ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

„აეროპორტები დაკეტილია, დღეს იყო მცდელობა, რომ გოგჩენიკსენ 2 რეისი გაფრენილიყო შეაჩერეს, როგორც გვეუბნებიან დღის ბოლომდე ფრენები აღდგება. კურორტებზე წესრიგია. თუნდაც საფრანგეთში ტერორისტულმა აქტებმა, თუნდაც სხვა, იგივე თურქეთში წინა ტერაქტებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია. მთელს მსოფლიოში არის ვითარება, რომ ხალხს ეშინია მგზავრობის,“-აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი სიკო გეგიაძე.

თავად ტურისტული სააგენტოები კი განმარტავენ, რომ მოსახლეობის ნაწილი ნაყიდ ტურებს აუქმებს და გამგზავრებაზე უარს აცხადებს.

„ვინც ბავშვებთან ერთად მიდის, თუნდაც ანტალიაში, სადაც ახლა სიმშვიდეა ვეღარ რისკავენ“-აცხადებს ტურისტული კომპანია გოუ ტურის დირექტორი ნინო წიკლაური.

დღის ამბები