12-საათიანი აკრძალვა მოხსნილია - საქართველომ თურქეთთან საჰაერო და სახმელეთო საზღვრები გახსნა. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება შეუძლიათ.
საზღვარი გაიხსნა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. თუმცა, შეზღუდვები მაინც რჩება. იქ დღეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, ზურაბ პატარაძე, იმყოფებოდა.
პატარაძემ დაათვალიერა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი. ის იმყოფებოდა ორივე სექტორში, როგორც ქართულ, ასევე თურქულ ნაწილში.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მდგომარეობა არის სტაბილური და საქართველოს მხრიდან არ არის დაწესებული არანაირი შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს და ნებისმიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლია საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა. თუმცა, თურქეთის მხრიდან შეზღუდვა აქვთ ტრაილერებს საზღვრის გადმოკვეთაზე. ასევე, თურქეთის მოქალაქეებს, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით.
საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის მიმართულებით გადაადგილება, დაახლოებით, 12 საათის განმავლობაში იყო შეზღუდული.
ავტორი: ნატა მახვილძე