19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ტერაქტი ნიცაში - დაღუპულების ამოცნობის პროცედურა ნიცის პროზექტურაში ამ დრომდე გრძელდება

ფრანგი ძალოვანები ნიცაში ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ - დღეს გამთენიისას ანტიტერორისტულმა სამსახურმა ორ მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა და ოთხი პიროვნება დააკავა, თუმცა რა კავშირი აქვთ მათ სატვირთო მანქანის მძღოლთან, რომელმაც საზეიმო ღონისძიების დროს ხალხს გადაუარა, გამოძიება არ აკონკრეტებს.

სამართალდამცველებს მუჰამედ ბუჰლელის ყოფილი მეუღლეც დაკავებული ჰყავთ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის არც რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო და არც ტერორისტებთან ჰქონია კავშირი.

ისლამური სახელმწიფოს ლიდერები კი მუჰამედ ბუჰლელს საკუთარ ჯარისკაცად მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ მან საკუთარი ვალი მოიხადა, რადგან დახოცა იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ISIS-ის წინააღმდეგ კოალიციაში მონაწილეობენ.

თავდასხმის მომენტს ზუსტად ასახავს გრაფიკული რეკონსტრუქცია. მუჰამედ ბუჰლელი, მოძრაობას სანაპიროზე 23 საათზე წინასწარ დაქირავებული სატვირთო მანქანით იწყებს, სიჩქარეს კრეფს და გამიზნულად ხალხისკენ მიემართება. ორ კილომეტრიანი მანძილი მან ისე გაიარა, რომ ასობით ადამიანს გადაუარა.

მუჰამედ ბუჰლელმა 84 ადამიანი მოკლა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 202 პაციენტიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულების ამოცნობის პროცედურა ნიცის პროზექტურაში ამ დრომდე გრძელდება.

ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები უკვე მესამედ დაიბარა საგანგებო თათბირზე.

პრეზიდენტის გადაწყვეტიებით, მსგავსი თავდასხმების აღსაკვეთად საფრანგეთი ანტიტერორისტულ პოლიტიკას ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც შეცვლის.

 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები