19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
რეაგირების გარეშე დარჩენილი დარღვევები თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვისას

წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ბიუჯეტიდან ხალხის ფულის ისეთ ხარჯვას იწყებს, რომელიც ირიბად საზოგადოების მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ზუსტად არჩევნების წინ იზრდება პენსია, ამუშავდება მთიანი რეგიონების დახმარების თუ მცირე ბიზნესის წახალისების პროგრამები. რთველისათვის კვლავ სახელმწიფო სუბსიდიები გაიცემა. 

ამის პარალელურად კი იზრდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ფულის დარღვევებით ხარჯვა და თან ამაზე პასხუხს არავინ ითხოვს. მაგალითად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რომლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით, აუდიტის დასკვნაში უამრავი დარღვევაა მითითებული. თუმცა, საკრებულომ მის განხილვაზე უარი თქვა და განუსაზღვრელი ვადით გადადო.

თერჯოლის ბიუჯეტიდან სულ სამი ანსამბლი ფინანსდება და როგორც აუდიტი წერს, მთელი წლის განმავლობაში თითოეულს სულ ორ ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხელფასები კი მთელი წლის განმავლობაში დარიგდა. ანსამბლები კულტურის აიპის ნაწილია, რომლის ბიუეჯტი 0,5 მილიონ ლარამდეა და ამ ფულის 93% ხელფასებზე მიდის. 

გარდა ამისა, თერჯოლაში საბიუჯეტო სახსრები ე.წ. საპატიო სტუმრებისთვის რესტორანში გამასპინძლებისთვისაც იხარჯება. მაგალითად, საფეხბურთო კლუბ საპოვნელას უმაღლეს ლიგაში გადასვლის სუფრა ბიუჯეტს 3500 ლარი დაუჯდა.

სხვა აიპებში ხელფასები 400 ლარამდეა. თუმცა, მთლიანობაში მაინც იმდენია იქ დასაქმებული, რომ რაიონის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება.

მაგალითად,  სპორტული სკოლის აიპ-ში 50 კაცია დასაქმებული და ჯამში 200 ბავშვი ვარჯიშობს, ანუ 5-ბავშვზე ერთი კაცი მოდის. ხელფასები დიდი არ არის, მაგრამ მათზე ბიუჯეტის 90% იხარჯება. 

ამ ფონზე აიპებს სულ ახალი განყოფილებები ემატება. მათ შორისაა ტურიზმის ცენტრიც 15 თანამშრომლით, რომლებმაც ერთ წელში 300 ტურისტი მიიზიდეს, მაგრამ ამისთვის 50 ათასი ლარი დახარჯეს. 

კიდევ ერთი ახალი განყოფილება გამგებლის წარმომადგენელთა კოორდინაციის ჯგუფია, რომელიც თითქოს კადრების შესამცირებლად მოიფიქრეს, თუმცა რატომღაც, კადრები შედეგად კიდევ 49-ით გაიზარდა.  

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ საკრებულოს წევრებს პირადი საჭიროებისთვის 180 ათასი ლარი აქვთ აღებული, მაგრამ ამ თანხის ხარჯვის საბუთები არა აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ფული ხალხთან შეხვედრებზე დაეხარჯათ, თუმცა სოფლებში მიმოსვლისთვის ისინი საწვავის ფულს ცალკე იღებენ. 

სხვა პრობლემაა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს მიწის კომისიის უფროსის მიერ ხელფასზე მეტობით აღებული თანხები. ამის შესახებ საუბარია აუდიტის დასკვნაში. მათ ამის შესახებ იციან, მაგრამ თანხას არ აბრუნებენ. 

 

 

 

 

დღის ამბები