19 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
გაურკვევლობები და პასუხგაუცემელი კითხვები ცენტრ-პოინტის საქმეზე

წლობით მიმდინარე ცენტრ-პოინტის საქმეზე თითქოს გარღვევა მოხდა. მაია და გურამ რჩეულიშვილები დაკავებულები არიან. მოდავე მენაშენეები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ტელეკამერების წინ. თუმცა, აქ რამოდენიმე კითხვა გაჩნდა.

პირველი ის, თუ რატომ ახლა და მაინცდამაინც ბათუმის "თეთრი მაგნოლიის" საქმეზე. თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, დაუბრუნდება თუ არა ათასობით ადამიანს მათ მიერ მშენებლობებში დაბანდებული თანხები ან ეღირსებიან თუ არა ოდესმე საკუთარ ბინებს.  

გამოძიება ცენტრ პოინტის ბიზნესსაქმიანობის სპეციფიკით ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბრიდან დაინტერესდა. 2013-ში თაბუკაშვილის კორპუსის საქმეზე დამფუძნებლებს ნახევარმილიონიანი გირაოც შეუფარდეს, თუმცა გისოსებს მიღმა მაია და გუკა რჩეულიშვილები ამ ობიექტის, ბათუმის მაგნოლიის, გამო აღმოჩნდნენ, საიდანაც, გამოძიების ვერსიით, მათ 19 000 000 ლარზე მეტი გაფლანგეს. 

ვახტანგ რჩეულიშვილი გამოძიების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს და მისი ოჯახის ქონების დატაცების მცდელობას ხედავს. პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ცენტრ პოინტის თანადამფუძნებელი, რუსუდან კერვალიშვილიც, ხედავს და თვლის, რომ კომპანიის მესვეურების სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსრულებელი მშენებლობების თემას საბოლოოდ ჩიხში შეიყვანს.

საქმე ის არის, რომ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 20 000 კვადრატულ მეტრზე მეტი რჩეულიშვილების ცენტრ პოინტის საკუთრება იყო, რომელიც მოგვიანებით დექსუსმა, ვისაც რჩეულიშვილებმა ბიზნესის მართვა გადააბარეს, მერიას გადასცა. რჩეულიშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება სადაო ქონებას უკან დაუბრუნებს, უბინაოდ დარჩენილი კლიენტების გასტუმრებას მოახერხებს.

მაგრამ მეორე კითხვაა, ეყოფა თუ არა 10 მლნ დოლარი 2000 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას.

რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ ამ 2000 ადამიანიდან მხოლოდ 30%-ია ისეთი, ვისი სახლები ჯერაც ჰაერია.

თუმცა, დაზარალებულები ცენტრ პოინტის მესვეურების კალკულაციებს მეათე წელია, ეჭვის თვალით უყურებენ. დაზარალებულების ინფორმაციით, გაფლანგული თანხა 100 მილიონ დოლარამდეა. ხოლო კომპანიის დავალიენებების მმართველი დექსუსის ინფორმაციით, 130 მილიონ დოლარს უტოლდებოდა. ამიტომაც რჩეულიშვილების სტრატეგიასთან შეკითხვები თავის დროზე დექსუსის გენერალურ დირექტორსაც ჰქონდა, რომელიც კომპანიის აქტივებს 2010 წლიდან 2013 წლამდე განკარგავდა.

ამ ყველაფრის ფონზე კი მმნიშვნელოვანი ის არის, როგორ და რა ფორმით შეიძლება, სახელმწიფო ათასობით უსახლკაროდ დარჩენილს დაეხმაროს. ამ საკითხზე კი დღეს კონკრეტული პასუხი არ არსებობს. 

ამასთან, ბათუმის მაგნოლია მხოლოდ ერთერთია იმ ობიექტებიდან, რომელსაც პროკურატურა სწავლობს. არ არის გამორიცხიული, სასამართლოში ცენტრ პოინტის საქმის კიდევ ახალი ეპიზოდებიც მოხვდეს და თანაც არჩევნებამდე. მითუმეტეს, რომ სამართლიანობის აღდგენის მოტივით დაწყებული ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი გამოძიების მიღმა ათასობით უკმაყოფილო ოჯახი დგას.

 

 

ავტორი: მიშა სესიაშვილი 

 

 

დღის ამბები