19 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
გაყიდული საფეხბურთო თამაშების დაუსრულებელი საქმე და კორუფციული რისკები

გაყიდული საფეხბურთო თამაშების საქმე - შარშან ხმაურით დაწყებული საქმე ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაშებზე, სადაც მოთამაშეთა და ორგანიზატორთა რაოდენობა მაყურებელთა რაოდენობას აჭარბებს, მრავალათასიანი ფსონის დადება მაინც ხდება. 

ასეთი რამ კი, როგორც ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტის გამომძიებელი ჟურნალისტი, დეივ ბლოსი, ამბობს, მაღალი რისკის შემცველია და ასეთად მიიჩნევა მთელ ცივილიზებულ სამყაროში. 

სწორედ ამიტომ, ის სწორედ შსს-ს მიერ შარშან პირველი ლიგის თამაშების ჩაწყობის ბრალდებით რვა პირი დააკავების ფაქტს იხსენებს, სადაც ერთ-ერთი მათგანი, საქმის მიხედვით, უკავშირდებოდა აზიურ ტოტალიზატორს. მას აინტერესებს, ერთი წლის შემდეგ რა გაირკვა, მართლაც იკვეთება თუ არა გარიგებული ქართული თამაშების კავშირი აზიურ ტოტალიზატორთან. 

ცნობილია, რომ საფეხბურთო ფსონების 80% აზიიდან იდება და აქ სერიოზულ თანხებზეა საუბარი. აზიიდან საეჭვო ფსონებს იქაურ თამაშებზე კი არ ათავსებენ, არამედ ევროპის ისეთ თამაშებზე, სადაც ფეხბურთელების ანაზღაურება ძალიან მცირე, ზოგჯერ მხოლოდ 50 ლარია.

წელიწადზე მეტია, რვა ბრალდებულის საქმე კვლავ სასამართლოშია. ისინი დაკავებულები არ არიან და სხდომების დროს დარბაზში სხვა დამსწრეებთან ერთად სხედან. ერთი მათგანი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტია, ერთი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი. ერთი მათემატიკოსია. ორი - მოქმედი ფეხბურთელი და ორიც ბრალდების მტკიცებით, მოსყიდვაში მონაწილე პირი.

მათ წინააღმდეგ აღძრული საქმის მიხევით, ისინი წინასწარ ურიგდებოდნენ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს, რომ კონკრეტული საფეხბურთო მატჩები წინასწარ დათქმული შედეგით დასრულებულიყო, რათა მათ ტოტალიზატორში სოლიდური თანხა მოეგოთ.

საქმე ჟურნალისტებმა შეისწავლეს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებმა საქმე ჩანერგილი თანამშრომლის, გიორგი ღელაღუტაშილის, დახმარებით გამოიძიეს. ღელაღუტაშილი დაუახლოვდა ამ პიროვნებებს, გაურიგდა და შემდეგ მათ შესახებ გამოძიებას ჩვენება მისცა. 

ბრალდებულების ადვოკატები ჩანერგილი ღელაღუტაშილის ჩვენებას სადავოდ ხდიან.

ხუთშაბათს სასამართლო პროცესი რამდენიმე ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

ცხრატომიანი მასალებიდან ირკვევა, რომ ეს საქმე 2014 წელს მომხდარი ცნობილი საქმის გაგრძელებაა, როდესაც მსაჯები და არბიტრები დააკავეს და ბრალად წაუყენეს, რომ ისინი 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე წინასწარ ურიგდებოდნენ.

გარიგებულ თამაშებთან ბრძოლის გააქტიურების მიუხედავად, 2016 წლის მაისში ფეხბურთის ფედერაციამ პირველი ლიგის მატჩის მანიპულაციის კიდევ რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.

 

 

ავტორი: ლაშა კვესელავა 

 

დღის ამბები