13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახი თბილისის მერიას დახმარებას სთხოვს. წყნეთის ხევში მცხოვრები ოჯახები ერთ წელზე მეტია მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.
მათი განმარტებით, ამ დრომდე არ მოხდა სტიქიის ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლის და მიწის ფართობის მათთვის დაკანონება ან საცხოვრებელი ფართის შეთავაზება.
5 სულიან ოჯახს მერია ალტერნატიულ გამოსავალს სთავაზობს, თუმცა ზუსტად როდის მოხდება მათი დაკმაყოფილება ამ დრომდე უცნობია.
სტიქიის ზონაში დღეს მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წევრებიც იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
“ერთი წელი რატომ უნდა დადიოდეს ამ ამბავზე ქალბატონი აზა, თან ერთი წელი ქირას უხდის ბიუჯეტი, ესეც ხომ ფული ჯდება, ბინის ყიდვაში ცალკე ფული უნდა დახარჯონ. რაც უფრო მალე გადაწყვეტენ ნაკლები ფული დაუჯდებათ,“-განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ვაკის გამგებელი.
„იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხეს მათ დაკანონება თავიანთი საცხოვრებელი სახლის, თბილისის მერია მათ შესთავაზებს ალტერნატიულ გამოსავალს. ქალბატონ ჯამბულევასთან არაერთხელ გვაქვს განხილული ეს საკითხი და შესაბამისად მათი ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.