ხელისუფლებამ უშიშროების ყოფილ მინისტრს მოწვევა გამოუგზავნა ქვეყანაში ჩამოსასვლელად -ასე აფასებენ იგორ გიორგაძეზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის მოხსნას ოპოზიციაში. მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს.
„ქართული ოცნების ლიდერთა განცხადებები არსებობს, რომლებიც პირდაპირ იწვევენ ამ ადამიანს საქართველოში. ეს არის საკმარისი მოტოვაცია იმისათვის, რომ ვიფიქროთ, არსებობს გარკვეული სახის კავშირები იგორ გიორგაძესა და ქართულ ოცნებას შორის,“ - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
საპარლამენტო უმცირესობა იმედოვნებს, რომ გიორგაძეს არ იხილავენ ქართული ოცნების საარჩევნო სიაში.
თავისუფალი დემოკრატების წევრის ნინო გოგუაძის შეფასებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია იგორ გიორგაძე დააკავოს.
თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მისთვის ძებნის შეეწყვიტა ქართული მხარისგან დამოუკიდებლად მოხდა, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში კი, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
„საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ინტერპოლის გადაწყვეტილებასთან შემხებლობა არ აქვს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს. ინტერპოლი არის საერთაშორისო სტრუქტურა,“ - განმარტა ეკა ბესელიამ.