" მინდა, წინასწარ მოგილოცოთ გამარჯვებები და გითხრათ, რომ მე თქვენთან ერთად ვიქნები. მთელი საქართველი იქნება თქვენ გვერდით. იცოდეთ, რომ გიყურებთ და თქვენი იმედი გვაქვს," - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ქართველ სპორტსმენებს თბილისის ოლიმპიურ პარკში მიმართა, სადაც ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სპორტსმენების დამსახურებაზე ისაუბრა და ოლიმპიურ დელეგაციას წარმატება და გამარჯვება უსურვა.
”დღეს იბრძვის ორი მსოფლიო. ერთია ის ბოროტება, რომელიც ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როდესაც ასე დამალულად, ფარულად, ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს. ამის საპირისპირო რეალურად ყველაზე მეტად ხართ თქვენ - ადამიანები, რომლებიც ძალით, შემართებით, უნარით, ღიად და ჭეშმარიტად ასპარეზობთ. კეთილ ნებას, სპორტულ წარმატებას და შეჯიბრებას აჩვენებთ მთელ მსოფლიოს.
"მთელი მსოფლიო შემოგხედავთ თქვენ და მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს ჰიმნს, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ გამარჯვებები და გითხრათ, რომ მე თქვენთან ერთად ვიქნები. მთელი საქართველი იქნება თქვენ გვერდით. იცოდეთ, რომ გიყურებთ, თქვენი იმედი გვაქვს. თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი იცოდეთ, რომ მილიონობით ქართველის გულს გაახარებს, გააბედნიერებს,” - განაცხადა მარგველაშვილმა და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.