19 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
სტიქია სოფელ კარდენახში - რამდენიმე ოჯახი მოსავლის და საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფელ კარდენახში ზოგიერთი ოჯახი მეურნეობისა და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დატოვა. რამდენიმე ოჯახს მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა და მათ არც დაზღვევის იმედი აქვთ. ზოგიერთი მათგანი კი საცხოვრებლის გარეშეც დარჩა.

კარდენახში მცხოვრები ოჯახი ფერმიდან გაქცეულ საქონელს ამ დრომდე ეძებს. ძლიერმა ქარმა ფერმის მიმდებარე ის საცხოვრებლებიც დაანგრია, სადაც ფერმერები ღამეს ათევდნენ. ნგრევის დროს სახლებში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მათ შენობების დროულად დატოვება მოასწრეს.

ფერმების გარდა, სტიქიამ სოფელ კარდენახში მოსავალიც გაანადგურა. დასეტყვილია ბოსტნები და ბაღები.

სოფელ კარდენახის 25-მდე ოჯახი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

წუხანდელმა ქარიშხალმა და სეტყვამ კარდენახში ათობით ჰექტარზე მოყვანილი საზამთროს ბაღებიც დააზიანა.

ადგილობრივების ნაწილი, ხელისუფლებას ბანკის სესხების გადავადებაში შუამდგომლობას სთხოვს.

გამგებელი დაზარალებულებს არ შეხვედრია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი დღეს სტიქიის ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც სოფელ კარდენახში დაზარალებულებთან კურიერის გადამღები ჯგუფი ჩავიდა. დღის ბოლოს კი რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ კომისიას ზარალის დათვლა დაწყებული აქვს.

სოფელ კარდენახის გარდა, წუხანდელმა უამინდობამ სიღნაღის რაიონის რამდენიმე სოფელიც დააზარალა.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები