პოსტსკრიპტუმი მოსამართლეების მადონა მაისურაძისა და გიორგი ჩემიას საქმიანობით დაინტერესდა. ქალბატონი მადონა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მუშაობს, მისი მეუღლე კი სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა, შესაბამისად ხშირ შემთხვევაში მათ ერთი და იგივე საქმის განხილვა უწევდათ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმეების გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოშია შესაძლებელი, სადაც სწორედ გიორგი ჩემია მუშაობდა.
კურიერმა სასამართლოს ვებგვერდებიდან ინფორმაცია ამოიღო და აღმოჩნდა, რომ 2 საქმე ჯერ მადონა მაისურაძემ განიხილა შემდეგ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მისმა მეუღლემ არ დააკმაყოფილა.
ერთ-ერთი საქმე ავტოსაგზაო შემთხვევას ეხებოდა, რომლის დროსაც მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 2013 წლის 29 სექტემბერს სართიჭალასთან ახლოს მოხდა.
ბრალდებულები გიორგი და ვალერი გენგაშვილები, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე მადონა მაისურაძემ დამნაშავეებად ცნო და მათ 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2 წლის შემდეგ საქმეში გამოჩენილი ახალი გარემოებების გამო სააპელაციო სასამართლოში გენგაშვილებმა სარჩელი შეიტანეს, საქმე კი მადონა მაისურაძის მეუღლემ გიორგი ჩემიამ სხვა 2 მოსამართლესთან ერთად განიხილა და არ დააკმაყოფილა.
გენგაშვილებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს და სარჩელში ისიც ჩაწერეს, რომ საქმე სხვადასხვა ინსტანციებში ერთი ოჯახის ორმა წევრმა განიხილა, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და 3 შვილიც ჰყავთ.
სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუუქმა და საქმე გადასასინჯად დაუბრუნა, მაგრამ არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ მოსამართლე ჩემიას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, როდესაც მეუღლის მიერ განხილულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება.
გიორგი ჩემია უკვე მოსამართლე აღარ არის მას უფლებამოსილების ვადა სექტემბერში გაუვიდა, არჩევნებში კი რომელიც რამდენიმე კვირის წინ უზენაეს სასამართლოში გაიმართა ის აღარ აირჩიეს.
მოსამართლე მადონა მაისურაძე მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ თემებზე საუბრისთვის, თუმცა როგორც ამბობს, ამის უფლებას ხელმძღვანელობა არ აძლევს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩემია, წლების წინ, სანდრო გირგვლიანის საქმეს განიხილავდა.
ავტორი: ლაშა კვესელაძე.