19 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
არ შეიძლება წარმატების მისაღწევად ადამიანების საცვლებში იქექებოდე - თამარ ივერი სამხატვრო ხელმძღვანელზე

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით დღეს დასის ნაწილი კულტურის სამინისტროსთან მორიგ აქციას გამართავს.

უკვე რამდენიმე თვეა დასის წევრები დავით კინწურაშვილს უპირისპირდებიან და მას არაკომპეტენტურობაში, თეატრის არასწორ მართვასა და მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.

ამ ბრალდებებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუშინ პირველად გამოეხმაურა კინწურაშვილი - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ მის გადადგომას მთელი დასი მოითხოვს ან სამინისტრო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ის მხოლოდ ამ შემთხვევაში გადადგება. დაახლოებით 300 კაციანი დასიდან, მის გადადგომას ამჟამად 163 ითხოვს.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა თამარ ივერმა კურიერთან იმ ბრალდებებს უპასუხა, რაც დავით კინწურაშვილმა საკუთარ წერილში მის წინააღმდეგ გააჟღერა.

ამ საკითხზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია კულტურის მინისტრს.

„ადამიანს თუ თავმოყვარეობა აქვს, 20 და 30 კაციც რომ განგიდგება თეატრში, უკვე უნდა დატოვო. არ შეიძლება ყველაფერი იჭმეოდეს, არ შეიძლება შენი წარმატების მისაღწევად ადამიანების თავებზე გადადიოდე, მათ საცვლებში იქექებოდე. ჩვენ არასდროს არ გვიკადრია, რომ მისი მიმოწერა და რაღაც გაგვეშუქებინა. ადრე თუ გვიან მაინც წავა და წავა ძალიან ცუდად. თუ ასე გაგრძელდება, ყოველი ჩვენთაგანი ავიყვანთ ადვოკატს და პასუხს ვაგებინებთ,“-განაცხადა თამარ ივერმა. 

დღის ამბები