ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე პროცესებს კულტურის სამინისტრო ეხმაურება. პირველი კომენტარი არსებულ ვითარებაზე დღეს მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა გააკეთა.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საჭიროა გარკვეული პროცედურები. ბერიკაშვილის განცხადებით, ის საპროტესტო აქციების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით კი დასის ნაწილი დღეს კულტურის სამინისტროსთან მორიგი აქციისთვის ემზადება.
დასი კულტურის სამინისტროს კინწურაშვილის ხელმძღვანელობისას არსებულ ფინანსურ დარღვევებზე მიუთითებს. მათი განცხადებით, კინწურაშვილი საკუთარ უფლება მოვალეობებს ვერ ასრულებს, რაც თავადვე დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ ვერ მართავდა თეატრში არსებულ ვითარებას.
„გამომდინარე იმ განცხადებიდან, რომელიც გააკეთა დავით კინწურაშვილმა, მე მგონი ყველანაირი მოტივია, რომ დაჩქარდეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ იმ ფინანსურ დარღვევებს, რომელსაც თვითონვე აღიარებს, თვითონვე ამბობს, რომ ვერ მართავდა ამ სიტუაციას და ვითომდა თავს იცილებს,“- განაცხადა მსახიობმა გოჩა გაბიძაშვილმა.
სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს თამარ ივერიც.
„ძალიან დიდი დარღვევები ჰქონდა თეატრს, უსაფუძვლოდ გამოწერილი სახელფასო დანამატები, პრემიები. ადგილი ჰქონდა სპონსორების მიერ გადაცემული პროდუქციის გაყიდვას მაყურებლებზე. მე აბსოლუტურად ჩამოცილებული ვიყავი ყოველგვარ ფინანსურ საქმიანობასო, ყველაფერს თეატრის დირექტორი წყვეტდაო. მან მშვენივრად იცოდა ყველაფერი და თუ ამბობს, რომ არაფრის აზრზე არ იყო, მაშინ თავის თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა,“-განაცხადა თამარ ივერმა.