საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის შემდეგ, შანტაჟზე დღეს თავდაცვის მინისტრიც საუბრობს. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ზეწოლის მსხვერპლი თავადაც იყო.
თავდაცვის მოქმედ მინისტრს კითხვები პროკურატურასთან ფარული ჩანაწერების საქმეზე აქვს. კერძოდ, რატომ უფორმებს შოთაძის უწყება საპროცესო შეთანხმებებს იმ პირებს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების მცდელობისთვის დააკავეს.
მინისტრისთვის მიუღებელია საპროცესო შეთანხმებების გაფორმება ფარული ჩანაწერების გავრცელებასა და მოპოვებაში ბრალდებულ პირებთან ისე, რომ საზოგადოებისთვის პროკურატურის არგუმენტები ცნობილი არაა და პირადი ცხოვრებით შანტაჟის რისკიც არ გამქრალა.
კითხვები მინისტრს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.
ინგა ჩატოიანის ინტერესების დამცველი ადასტურებს, რომ პროკურატურასთან შეთანხმება შედგა და ბრალდების მხარე 5-დან 3 ბრალდებულთან საპროცესო გარიგების შუამდგომლობას დააყენებს.
ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი კი თავდაცვის მინისტრის პრეტენზიებს ეთანხმება და იმასაც ყვება, რომ პროკურატურა მორალური წნეხის გამოყენებით საპროცესო გარიგებაზე დათანხმებას ჯამალაშვილისგანაც ითხოვდა.
პროკურატურას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია.
ოპონენტები ამბობენ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში შანტაჟისა და ზეწოლის მასშტაბები გაიზარდა და ეს ბოლო ორ დღეში კიდევ უფრო ნათელი გახდა.
მმართველი გუნდისთვის ეს პრეტენზიები მიუღებელია.
ფარული ჩანაწერების საქმეზე სხდომა 2 აგვისტოსაა ჩანიშნული. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საპროცესო გარიგება პროკურატურასთან ისე ფორმდება, რომ შესაძლოა, ბრალდებულებს ჯარიმის გადახდაც არ მოუხდეთ.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი