რამდენიმე საათიანი გამოკითხვა დასრულებულია. რეზიდენტის ოჯახის წევრმა, მინდია გოგოჭურმა, მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა.
ჟურნალისტებთან კომენტარი მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სამართალდამცავებმა გასულ თვეში უფლებამოსილებას გადააჭარბეს. ბარათაშვილის განმარტებით, გოგოჭურს ადვოკატის ყოლის უფლებაც არ მისცეს.
"უხეში დარღვევები იყო. იყო აგდებული დამოკიდებულება და კანონის უგულვებელყოფა. მას უთხრეს თავი ევროპაში ხო არ გგონია და ა.შ. მათთვის ცნობილი იყო მისი კავშირი პრეზიდენტთან. მას შეეზღუდა ადვოკატის აყვანის უფლება. არ განემარტა დუმილის უფლება, არ იყო გადაყვანილი პოლიციაში დაკავებისთანავე, ასევე არ იყო დაკავების ოქმი შედგენილი,"- აცხადებს სოსო ბარათაშვილი.
საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
"ასეთ ოპერაციას ატარებს პოლიცია დღეში ათს, ეს სპეცოპერაცია არ არის. დამატებით ვერაფერს გეტყვით, როგორც იცით, გამოძიებაა დაწყებული,"- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ერთი თვის წინ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ავტორი ელისო ჯარიაშვილი.