პროკურატურა დატოვეს პრეზიდენტის სიძის მეგობრებმა. თორნიკე კაჭარავა და მიხეილ თათარაშვილი საგამოძიებო ორგანოში პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე იყვნენ დაბარებული.
მათ საგამოძიებო ორგანის დატოვების შემდეგაც არ გააკეთეს კომენტარი. თუმცა, საქმესთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა ადვოკატმა. სოსო ბარათაშვილი პრეზიდენტის სიძის მიმართ, სამართალდამცველთა მხრიდან დაინტერესებაზე საუბრობს.
მისი განმარტებით, 28 ივნისს კაჭარავა და თათარაშვილი პრეზიდენტის სიძესთან მინდია გოგოჭურთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც მოხდა მათი და ავტომობილის ჩხრეკა. ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცველებს ქონდათ ინფორმაცია, რომ იარაღს თათარაშვილი ინახავდა, თუმცა პრეზიდენტის სიძის ბინის ჩხრეკა განახორციელეს.
სოსო ბარათაშვილი ასევე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ჩრხეკის ოქმი მხოლოდ ახალგაზრდების პირადი და გოგოჭურის ბინის ჩხრეკის შემდეგ წარმოადგინეს.
ადვოკატის მტკიცებით, დაკავებისას ასევე დაირღვა მათი უფლებები, რადგან, მათ არც ადვოკატის და დუმილის გამოყენების უფლება მიეცათ.
პროკურატურასთან დღეს ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომელიც სავარაუდოდ პროკურატურასთან თავის მეგობართან ერთად მივიდა. ის საგამოძიებო ორგანოში გუშინ დაიკითხა, თუმცა გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.