უწყლოდ დარჩენილი სოფლები. ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია პრობლემის მოგვარებას ითხოვს. დასახლებები ამ დროისთვის ტექნიკური წყლით მარაგდება, თუმცა ხშირად ონკანებში არც სასმელად უვარგისი წყალი მოდის. სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალ წელს დაიწყება იმ პროექტის განხორციელება, რომელმაც ლაგოდეხელების პრობლემა უნდა მოაგვაროს.
სოფელ შრომაში მოსახლეობას სასმელი წყლის მოსატანად ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევს. წყალი ჭაბურღილიდან მოაქვთ, რომელიც თანასოფლელმა საკუთარი ძალებით ააშენა.
სასმელი წყლის პრობლემა აქვთ ლაგოდეხის რაიონის სხვა სოფლებშიც. ადგილობრივები ყვებიან, რომ უკვე წლებია, წყალი, რომელიც მათ ონკანებში მოდის უცნაური შეფერილობისაა და ლაბორატორიულად არ მოწმდება.
ლაგოდეხი და მიმდებარე სოფლები წყლით ლაგოდეხის ხევის სათავე ნაგებობიდან მარაგდება, რომელიც წვიმის მოსვლის დროს ხშირად ზიანდება. ადგილზე დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ისინი პრობლემის მოგვარებას ახალი რეზერვუარების აშენებით გეგმავენ. უკვე მზად არის პროექტიც, რომელიც 18 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.
სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემას აღიარებს ლაგოდეხის რაიონის გამგებელიც. კახა ჯამბურია პასუხისმგებლობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აკისრებს.