ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებას არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურებიან.
სამოქალაქო სექტორი ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს და აცხადებენ, რომ უშუალოდ ხელისუფლების ინტერესებშია ევა გოცირიძის კანდიდატურა შეირჩეს საბოლოოდ ამ პოსტზე.
არასამთავრობოები ითხოვენ, გასაჯაროვდეს ევროსასამართლოს კოლეგიის ის დოკუმენტაცია, რის საფუძველზე დაიწუნეს ნანა მჭედლიძე, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძემ ჩაანაცვლა.
იმავდროულად, არ გამორიცხავენ, თავად მიაწოდონ ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია ევა გოცირიძისა და სხვა კანდიდატების შესახებ.
„ის, რომ დღეს ევა გოცირიძე არის სიაში სამ კანდიდატს შორის, გარკვეულ კითხვებს ბადებს, ეს ხომ არ იყო ერთგვარი გადათამაშება, რადგან საწყის ეტაპზევე შეიძლებოდა ეს ადამიანი სიაში მოხვედრილიყო,“ - განაცხადა კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ელბაქიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ევა გოცირიძეს ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერს უწოდებს.
„ის ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემსრულებელია, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის მათ შორის ადამიანის უფლებებთან,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.