საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილს ელიან დღეს პროკურატურაში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.
საქმეზე დარჩენილია 4 მოსამართლე, რომელსაც არ მიუცია ჩვენება გამოძიებისთვის, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქედან ერთერთი მათგანის დაკითხვა აჭარის პროკურატურაში მოხდა.
დღეს მთავარ პროკურატურაში 2 მოსამართლეს, მერაბ ტურავას და მაია კოპალეიშვილს ელოდებიან. ისინი საგამოძიებო უწყებაში 2-ზე და 3-ზე გამოცხადდებიან და შესაბამისად მიაწვდიან მათ ხელთ არსებული ინფორმაციას მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ.
„მოლოდინი პროკურატურის იყო, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და ინფორმაციას მიაწვდიდა. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. დღესაც გაგრძელდება შეხვედრები და მიაწვდის გამოძიებას მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას, ისევე როგორც მოიქცა პაპუაშვილი. ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, მაქსიმალურს ცდილობს საქართველოს პროკურატურა და ამ შემთხვევაშიც ვერ იქნება განსხვავებული მიდგომა. შევეცდებით მაქსიმალურს, ამოვწუროთ ყველა შესაძლებელი მიმართულება და შედეგებს ვაცნობებთ საზოგადოებას. განსაკუთრებული მიდგომა არც ერთ საქმეზე არ არსებობს და ვერ იარსებებს ვერც ამ საქმესთან მიმართებაში,“ - განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ.
მოსამართლეების დაკითხვა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.
გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ პროკურატურას მიაწოდა იმ მოსამართლის თუ მოსამართლეების გვარები, რომლებზეც მათი ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდებოდა. საჯაროდ ეს გვარები არ გახმაურებულა.