19 ნოემბერი 2024,   19:11
ვრცლად
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ევროსასამართლოში ევა გოცირიძის წარდგენა პროცედურების დარღვევით მოხდა

ევა გოცირიძეზე მორგებული ჩანაცვლების გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი და გაუგებარი პროცედურები, - ასეთი გამოხმაურების შემდეგ, რომელიც თეა წულუკიანის სკანდალურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, იუსტიციის მინისტრს დღეს განმარტებების გაკეთება აღარ სურს.

30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსასამართლოს წარსადგენი კანდიდატების შერჩევამ მთავარი მოთხოვნა - გამჭვირვალობა, ვერ დააკმაყოფილა.

არასამთავრობოების განცხადებით, მთავრობის დადგენილება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის წესებს ადგენს, ერთი კანდიდატის მეორეთი ჩანაცვლების პროცედურას არ ითვალისწინებს.

სამოქალაქო სექტორისთვის ისიც გაუგებარი დარჩა ევროსასამართლოს დასკვნის კონფიდენციალურობის მიუხედავად, რატომ ისაუბრა წულუკიანმა ორი კანდიდატის არაკვალიფიციურობაზე საჯაროდ, დასკვნა კი საბოლოოდ მთავრობამ სასურველი კანდიდატის წარსადგენად გამოიყენა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ანა დოლიძე, რომელიც შესარჩევი კონკურსის შედეგად გოცირიძეზე მაღალი ქულები მიიღო, ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა სამართლიანობის პრინციპით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგით არის მიღებული. 

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ევროსასამართლოში წარდგენილ სამ კანდიდატზე დადებითი რეკომენდაცია მხოლოდ იუსტიციის მინისტრის მოქმედმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მიიღო, გიორგი ბადაშვილთან და ნანა მჭედლიძესთან კი ევროსასამართლოს კოლეგიას შენიშვნები ჰქონდა.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები