რუსთაველის თეატრში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაესწრნენ. ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მსოფლიოს 75 ქვეყნის 300 მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დღესვე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. ეს ქიმიის უკვე 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადა იყო და ის საქართველოში პირველად ჩატარდა.
“ჩვენი პრიორიტეტებია - სასწავლო პროცესის სტიმულირება, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მომავალი მოქალაქეების, მეცნიერებისა და გამომგონებლების აღზრდას. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც გადალახავს თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან, ენერგომატარებლებთან, მედიცინასთან, სოფლის მეურნეობასთან, საკვების უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან. ქიმიას ხომ უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გლობალურ ეკონომიკაზე. დარწმუნებული ვარ, მოგონებები ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. თბილისში გატარებული დღეების შედეგად კი, თქვენ შეიძენთ ახალ მეგობრებს და კიდევ უფრო გაიღრმავებთ მეცნიერების დაუფლების სურვილს,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.