გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე პოსტსკრიპტუმს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს. კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
საუბარია, იმ საცეცხლე წერტილებზე და ცენტრალური მართვის შტაბზე, რომელსაც რუსული აგრესიის შემთხვევაში, საქართველო მტრისაგან უნდა დაეცვა.
გასაიდუმლოებული ობიექტების და მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღჭურვა, ასობით მილიონი ლარი დაჯდა, მაგრამ ირკვევა, რომ მას ფასი თითქმის აღარ აქვს, რადგან მიწისქვეშ გაშენებული თავდაცვის მთელი სისტემა უკვე გაშიფრულია.
ტრისტან წითელაშვილი, რომელზეც გენერალური კალანდაძე საუბრობს, ყოფილი სამხედროა.
პოლკოვნიკი წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.
კალანდაძის მტკიცებით წითელაშვილი, საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.
არსებული ინფორმაციით საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
იმ ფაქტს, რომ გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტები ნახა თავად წითელაშვილიც ადასტურებს. იგი ასევე ამბობს, რომ მასთან მინდია ჯანელიძე თანამშრომლობდა.
ავტორი: ნოდარ მელაძე.