ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო დედაქალაქის ცენტრში.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე მანქანებს გადაადგილება უჭირდათ. იყო მსუბუქი ავარიის შემთხვევაც. ასევე, ნახევარი საათის მანძილზე დაკეტილი იყო მარცხენა სანაპიროზე ქალაქიდან გასასვლელი გვირაბიც.
როგორც რუსთავი 2-ს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, სულ დაფიქსირდა 130-მდე გამოძახება, მათ შორის ძველ თბილისში, ავლაბარში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანი-ნაძალადევსა და ჩუღურეთში.
მოსახლეობას ძირითადად სარდაფებიდან დასჭირდა წყლის ამოტუმბვა. ნაძალადევის რაიონში ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავიც გადაეხადა.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტეს, რომ წყლის დაგროვება თბილისის ქუჩებში სანიაღვრეებში წვიმისგან ჩამოტანილი მასის გამო მოხდა.