ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ ბორჯომში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ, ქვაღორღისგან და წაქცეული ხეებისგან ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელი გზის გაწმენდას.
აღნიშნული გზა ჩამოცვენილმა ქვაღორღმა დაბა წაღვერთან ჩაკეტა, ხოლო ე.წ. პლატოსთან წაქცეული ხეების გამო ავტომობილები გზაზე გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
გარე სამყაროს არის მოწყვეტილი სოფელი სადგერი.
ბორჯომს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორჯომში იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილზე ეცნობიან ვითარებას.
სტიქიის ზონაში მუშაობენ, სამაშველო-სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, მიმდინარეობს ქალაქში რუსთაველისა და მესხეთის ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე ხდება დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.