რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისა და პირველი კოლეგიის მოსამართლის ნათესაობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს ნიკა გვარამია პასუხობს. მისი თქმით, ეს განცხადებები არაკვალიფიციურია და მას სამართალთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს.
გვარამიას თქმით, მოსამართლე მაია კოპალეიშვილი არის მისი შვილის ნათლია, თუმცა ეს აცილების საფუძველი არ არის.
"ხელისუფლებისგან, რომლის დაქირავებული მოსამართლე ამბობს, რომ დედა ოჯახის წევრი არ არის, უხერხული და სასაცილო მოსასმენია, რომ ნათლიაა თურმე ოჯახის წევრი. მე არ წარმოვადგენ ამ პროცესის მხარეს, მათ შორის რუსთავი 2-იც არ წარმოადგენს ძირითადად მხარეს, ძირითადი მხარე არის ტელეკომპანია საქართველო, რომელთანაც არაფერი არ მაკავშირებს, რომც რუსთავი 2 იყოს პროცესის მონაწილე, მე არ ვარ მონაწილე, არ ვარ რუსთავი 2-ის მფლობელი და პროცესში რუსთავი 2-ის წარმომადგენელი.
"ქალბატონ ბესელიას მივმართავ, მიუხედავად მისი დაბალი სამართლებრივი კვალიფიკაციისა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, ის მაინც უნდა იცოდეს, სტუდენტმაც კი იცის, რომ პროცესზე მონაწილეზე და მხარეზე ვრცელდება აცილების საფუძველი და არა დაკავშირებულ პირებზე,"- აღნიშნა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დანარჩენ მოსამართლეებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ზაზა თავაძე, რომელსაც ხელისუფლებამ აცილება არ დაუყენა, მისი მოადგილე იყო. ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა თამაზ ცაბუტაშვილთან, ასევე ოთარ სიჭინავასთან ერთად მუშაობდა, გვერდიგვერდ ისხდნენ ლალი ფაფიაშვილი და ის პარლამენტში, ამასთან ერთად ქეთევან ერემაძე გვარამიას კურსელია.
გვარამიას თქმით, მას ყველაზე ნაკლები შეხება აქვს ვარძელაშვილთან, რომლის აცილებაც დააყენეს. დააყენეს მისი მეუღლის საკითხი, რომელიც სამი თვე იყო გვარამიას მოადგილე და მან ის სხვა ადამიანით ჩაანაცვლა.
გვარამიამ განაცხადა, რომ გიორგი პაპუაშვილს პოლიტიკიდან იცნობს, ხოლო მერაბ ტურავა კი ნეგატიურად არის დაკავშირებული, თუმცა მისი აცილების საკითხი არ დამდგარა.
"ტურავას მდევნელი ვიყავი, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, ბრალდება დავწერე, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან გადააყენეს,"-აღნიშნა გვარამიამ.
"ეს ის მოსამართლე ტურავაა, რომელიც მთელი ამ პროცესის დირიჟორობას ახდენს, გაჭიანურება პერსონალურად მისი დამსახურებაა... ქალბატონ ბესელიასა და ტურავას ურთიერთობა, ჩვენ მიერ გაგონილი სატელეფონო ზარი საკმარისი იყო, რომ ის საერთოდ არ ყოფილიყო პროცესის მონაწილე,"- აღნიშნა გვარამიამ.