ბორჯომში წვიმის, სეტყვის და ქარბორბალას შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
ძლიერმა სეტყვამ ბორჯომის მცხოვრებლებს მოსავალი, თითქმის, მთლიანად გაუნადგურა. დაზიანდა სასოფლო-სამურნეო სავარგულები და ვენახი.
სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა საცხოვრებელ სახლებსაც. დაზიანებულია სახურავები. სახლებში ჩასული წყლისგან გაფუჭებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და კომპენსაციის არასამართლიან გადანაწილებას უჩივიან.
სტიქიის დროს მოსული სეტყვისგან სარდაფებსა და ქვედა სართულებს ადგილობრივები დღესაც წმენდენ. დიდი ზარალი მიადგა მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც წყალი შევარდა. ნიაღვარმა პროდუქცია და ტექნიკა გაანადგურა.
სტიქიის სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო შტაბის წარმომადგენლები.
მათი თქმით, დაზიანებული სახლები უკვე აღნუსხულია და ზარალის ზუსტად დათვლის შემდეგ, ადგილობრივებისთვის მისი ანაზღაურება დაიწყება.
გაწმენდის სამუშაოები გრძელდება ბორჯომის პარკშიც.
სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ბორჯომში კი არამდგრადი ამინდს კიდევ ორი დღის განმავლობაში ელოდებიან.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი